Zamenhof.info

ესპერანტო

Esperanto (თავდაპირველად: Lingvo Internacia) ყველაზე გავრცელებული ხელოვნური საერთაშორისო ენაა. ენის სახელი მომდინარეობს ფსევდონიმიდან „Doktoro Esperanto“, რომლითაც ებრაელმა ექიმმა ლუდვიკ ლაზარ ზამენჰოფმა 1887 წელს ვარშავაში გამოსცა ახალი ენის პირველი სახელმძღვანელო. ენის პირველი ბროშურის რუსულენოვანმა ვერსიამ ცარისტული ცენზურისგან გამოცემის ნებართვა 26 ივლისს მიიღო და ესპერანტოს დაბადების თარიღადაც სწორედ ეს დღე მოიაზრება. ზამენჰოფი ისწრაფვოდა და შეძლო კიდეც საერთაშორისო მასშტაბით ხალხთაშორისი კომუნიკაციისთვის შესაფერისი და იოლად შესასწავლი ნეიტრალური ენის შექმნა. რასაკვირველია, ამ ენის მიზანს წარმოადგენს არა სხვა, ეროვნული ენების ჩანაცვლება, არამედ მათთან ერთად მარტივ, იოლად შესასწავლ, ნეიტრალურ და რაც მთავარია - საერთაშორისო კომუნიკაციისთვის სამართლიან ენად არსებობა.

ესპერანტოს საზაფხულო სკოლა 2015-ის მონაწილეები სლოვაკეთში (წყარო: Andrzej Sochacki)

თუმცა ესპერანტო არც ერთ სახელმწიფოს არ შემოუღია ოფიციალურ ენად, იგი არაერთ ქვეყანაში (მაგალითად უნგრეთსა და ჩინეთში) მაინც გახდა ოფიციალური სასწავლო გეგმის ნაწილი. ენა საკმაოდ წარმატებით გამოიყენება მასზე მოსაუბრე მზარდი საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რომელიც სხვადასხვა შეფასებით ასი ათასიდან ორ მილიონამდე ადამიანს ითვლის (ენის ცოდნის დონეთა მიხედვით); აგრეთვე, სხვადასხვა შეფასებით, არსებობს დაახლოებით ათასიდან რამდენიმე ათასამდე ადამიანი, ვისთვისაც ესპერანტო მშობლიური ენაა.

საზეიმო მსვლელობა ესპერანტოს 101-ე მსოფლიო კონგრესზე, ნიტრა, სლოვაკეთი (წყარო: Jozef Baláž)

ესპერანტომ გარკვეულ საერთაშორიო აღიარებას მიაღწია, როგორიცაა მაგალითად იუნესკოს (გაეროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის ორგანიზაცია) ორი რეზოლუცია და სხვადასხვა ცნობილ მოღვაწეთა ღია მხარდაჭერა. დღესდღეობით იგი გამოიყენება სამოგზაუროდ, მიმოწერისთვის, საერთაშორისო ღონისძიებებზე ურთიერთგაცნობისა და კულტურათშორისი ურთიერთობებისთვის, კონგრესებსა და კონფერენციებზე, სამეცნიერო დისკუსიებზე, ორიგინალ და თარგმნილ ლიტერატურაში, მუსიკაში, თეატრში, კინოში, ბეჭდურ და ინტერნეტპრესაში, რადიო და ტელეგადაცემებში და ა.შ.

La Perdita Generacio, შვედური მუსიკალური ჯგუფი, რომელიც ესპერანტოზე მღერის (წყარო: Andrzej Sochacki)

ესპერანტოს ლექსიკა მეტწილად დასავლეთევროპული ენებიდან მომდინარეობს, ხოლო მისი სინტაქსი და მორფოლოგია სლავურ ენათა გავლენაზეც მიუთითებს. მორფემები უცვლელია და შესაძლებელია ახალ სიტყვათა საწარმოებლად მათი თითქმის უსაზღვროდ შეერთება. ესპერანტოს ბევრი აქვს საერთო ანალიტიკურ ენებთან, რომელთაც მაგალითად ჩინურიც მიეკუთვნება; და პირიქით, ესპერანტოს შინაგანი სტრუქტურა აგლუტინაციურ ენებთან მსგავსებასაც ავლენს, როგორიცაა იაპონური, სუაჰილი ან თურქული.

წიგნები ესპერანტოზე: თარგმნილი და ორიგინალი ლიტერატურა, ლექსიკონები...

ეროვნულ ენებთან შედარებით, ესპერანტო გაცილებით უფრო მარტივი და სწრაფად შესწავლადია, რაც მისი დიდი უპირატესობაა. სხვდასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი 5-10-ჯერ უფრო იოლად სასწავლია, ვიდრე ეროვნული ენები. საკმარის საკომუნიკაციო დონეზე მისი სწავლა 3-6 თვეშია შესაძლებელი. ამის გაკეთება ძალზედ მარტივია დამოუკიდებლადაც (რაც ხშირად რთული ან წარმოუდგენელიც კია სხვა, ეროვნული ენების შემთხვევაში). ესპერანტოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სწავლობენ, 120-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს ესპერანტისტთა ადგილობრივი კლუბები და ასოციაციები.

ბმულები ენის გასაცნობად

ესპერანტოს შემსწავლელი ბმულები