ციტატები ზამენჰოფის ნაწერებიდან
იმისათვის, რომ ენა საერთაშორისო იყოს, არ კმარა მას მხოლოდ ასე ერქვას.
არ მინდა ენის შემქმნელი მერქვას, მე მხოლოდ მისი ინიციატორი ვარ.
ენის უკმარობა ხშირად იძულებულს გვხდის ფიქრში მოვიკოჭლოთ.
საერთაშორისო ენა, ეროვნულ ენათა მსგავსად, წარმოადგენს საზოგადოებრივ საკუთრებას და ავტორი მასზე ნებისმიერ პირად უფლებას სამუდამოდ თმობს.
პატრიოტიზმად ყველა ჩემი თანამემამულის კეთილდღეობისთვის მსახურება მიმაჩნია, მიუხედავად წარმოშობის, ენის, რელიგიისა და სოციალური როლისა. გამორჩევით მხოლოდ რომელიმე ერთი ჯგუფის ინტერესების მსახურებასა და სხვათა მიმართ სიძულვილს მე პატრიოტიზმს ვერასდროს ვუწოდებ.
დაიხსომეთ, რომ მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზაა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას ომების მთავარი გამომწვევი მიზეზი და წარსულ ცივილიზაციათა ბარბაროსული გადმონაშთი: ერთი ერის მიერ სხვებზე ბატონობა.
თხრობის დასაწყისშივე უნდა მიმეთითებინა, რომ ებრაელი ვარ და ყველა ჩემი ცხოვრებისეული იდეალი, მათი წარმოშობა, მომწიფება და შეუპოვრობა, ჩემს შინაგან თუ გარეგან გამუდმებულ ბრძოლათა მთელი ისტორია – ყველაფერი ეს მტკიცედაა დაკავშირებული სწორედ ჩემს ებრაელობასთან.
ისევე როგორც ამ მომენტში ვარ არა რომელიმე ერის წარმომადგენელი, არამედ მხოლოდ ადამიანი, ასევე ვგრძნობ, რომ ამ მომენტში თავს მივაკუთვნებ არა გამორჩეულად რომელიმე ერსა თუ რელიგიას, არამედ უბრალოდ ადამიანთა მოდგმას.
თუკი მაინც გსურთ ჩემი პიროვნების განხილვა, შეგიძლიათ „პოლონეთის შვილი“ მიწოდოთ (რადგანაც ვერავინ უარყოფს, რომ მიწა, სადაც ჩემი ორივე მშობელი განისვენებს და სადაც მე გამუდმებით ვმუშაობ და სიკვდილამდე მუშაობას ვაპირებ, ჩემი სახლია, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალისტი არა ვარ), მაგრამ „პოლონელს“ ნუ დამიძახებთ, რადგან არ იფიქრონ, რომ პატივის მოსახვეჭად იმ ხალხის ნიღაბი მოვირგე, რომელთაც არ მივეკუთვნები.
და სწორედ ახლა, პირველად ისხამს ფრთებს ათასწლეულთა ნაოცნებარი. საფრანგეთის ზღვისპირეთის ამ პატარა ქალაქში შევიკრიბეთ სრულიად სხვადასხვა ერთა და ქვეყანათა წარმომადგენლები და ერთმანეთს პირისპირ ვხვდებით არა მუნჯურად, არამედ ურთიერთგაგებით, ძმებივით ვსაუბრობთ, როგორც ერთი ერის შვილნი. სხვადახვა ერთა წარმომადგენლები ხშირად იკრიბებიან და კარგადაც უგებენ ერთმანეთს, მაგრამ რაოდენ დიდი განსხვავებაა მათსა და ჩვენს ურთიერთგაგებას შორის! (...) ჩვენთან არ განირჩევა ძლიერი და სუსტი ერები, პრივილეგირებულნი და არაპრივილეგირებულნი, არავინ გრძნობს თავს დამცირებულად, არავის არაფერი აწუხებს; ყველანი თავს თითქოს ერთი ერის, ერთი ოჯახის შვილებად ვგრძნობთ და კაცობრიობის ისტორიაში პირველად, სრულიად სხვადასხვა ერთა წარმომადგენლები, ერთმანეთის გვერდით ვდგავართ არა როგორც უცხოები, არა როგორც ერთმანეთის კონკურენტები, არამედ როგორც ძმები, რომელთაც საკუთარი ენების სხვებისთვის თავსმოხვევის გარეშე გვესმის ერთმანეთის, გვიყვარს და ერთურთს ურთიერთგამყოფი სიბნელის ეჭვით არ ვუმზერთ და ხელსაც არა ფარისევლური თვალთმაქცობით ვართმევთ, როგორც მოკავშირე მოკავშირეს, არამედ წმინდა გულწრფელობით, როგორც ადამიანი ადამიანს. კარგად გავიაზროთ დღევანდელი დღის დიადი მნიშვნელობა, რადგან დღეს ბულონ-სიურ-მერის სტუმართმოყვარე კედლებში შევხვდით არა ფრანგები ინგლისელებს ან რუსები პოლონელებს, არამედ ადამიანები ადამიანებს. დაე დაილოცოს ეს დღე და წინ დიადი და ბრწყინვალე მომავალი ჰქონდეს!