ზამენჰოფის მოკლე ბიოგრაფია
ლუდვიკ ლეიზერ ზამენჰოფი (ესპერანტოზე ცნობილია, როგორც ლუდოვიკო ლაზარო) დაიბადა 1859 წლის 15 დეკემბერს ულიცა ზიელონაზე („მწვანე ქუჩა“), რუსეთის იმპერიის ქალაქ ბიალისტოკში (ახლანდელი პოლონეთი). მისი მშობლები იყვნენ მარკ და როზალია ზამენჰოფები. მამამისი ფრანგულს, გერმანულსა და გეოგრაფიას ასწავლიდა. შვილთან იგი რუსულად საუბრობდა და ლუდოვიკომაც განათლება ამ ენაზე მიიღო. დიასახლისი დედა ლუდოვიკოს იდიშზე ესაუბრებოდა. ამიტომაც, ბავშვობიდანვე მან ენებისადმი დიდი სიყვარული გამავლინა. პატარა ლუდოვიკო დიდ რუს მწერლად გახდომაზე ოცნებობდა და სხვადასხვა ლექსებს წერდა, ერთხელ ხუთმოქმედებიანი პიესაც კი შეთხზა. შემდგომ, ზრდასრულობისას, თავის ერთ-ერთ წერილში წერს, რომ თავისუფლად ლაპარაკობდა სამ ენაზე (რუსულად, პოლონურად და გერმანულად) და თავისუფლად კითხულობდა ფრანგულად, მაგრამ ცოტას და ცუდად საუბრობდა. აგრეთვე შემდგომი სიცოცხლის მანძილზე დაახლოებით რვა ენას დაეუფლა.
გარემოს, სადაც ზამენჰოფი დაიბადა და გაიზარდა, მარტივს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ქალაქი ძალზედ მრავალეროვანი და შესაბამისად - ენობრივად ჭრელი გახლდათ. ზამენჰოფის მოგონებების მიხედვით ქალაქის მაცხოვრებელთა ურთიერთდამოკიდებულება მეგობრულისგან ძალიან შორს იყო. ყმაწვილი ლუდვიკი ხშირად დადიოდა ბაზრის მოედანზე, სადაც მოწმე ხდებოდა განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფთა შორის არსებული გამუდმებული ქიშპისა და ურთიერთშუღლის. ამ ყველაფერმა პატარა ზამენჰოფზე დიდი გავლენა იქონია და ბავშვობიდანვე დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ ხალხთა შორის არსებული ამ მტრული ურთიერთდამოკიდებულების ძირითადი გამომწვევი მიზეზი საერთო ენის არქონა იყო. იგი საერთო საკაცობრიო ენაზე ოცნებამ ძლიერ შეიპყრო და მას შემდეგ ცხოვრებაში სამუდამოდ თან გაჰყვა.
1865 წელს ლუდვიკი ოთხწლიან დაწყებით სკოლაში შევიდა და 1869-ში სწავლა გიმნაზიში დაიწყო, სადაც უცხო ენების დაუფლებას შეუდგა. მის განსაკუთრებულ სიბეჯითესა და მონდომებას მასწავლებლებიც ხშირად აღნიშნავდნენ. 1873 წელს ოჯახი საცხოვრებლად ვარშავაში გადავიდა, სადაც ლუდვიკის მამამ გიმნაზიაში გერმანულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
ზამენჰოფის მოგონებების თანახმად, ყველაზე უსიამოვნო იყო მხოლოდ ის, რომ მაშინ მან ვარშავაში ადამიანები საერთოდ ვერ ნახა: ნახა მხოლოდ რუსები, პოლონელები, ებრაელები და ა.შ. დ ყველა მათგან ერთმანეთის ურთიერთშუღლი ამოძრავებდა და მხოლოდ თავიანთ ერებზე ფიქრობდნენ. ლუდვიკმა აგრეთვე საკმაოდ ადრე გაიაზრა, რომ იგი ებრაელია, რადგანაც რუსეთის იმპერიის პოლიტიკა ებრაელთა მიმართ სულაც არ იყო დადებითი.
ვარშავაში მან ძლიერი ანტიებრაული განწყობა დაინახა, რამაც შემდგომ დროებით სიონისტური მოძრობისაკენ უბიძგა, მაგრამ ადრეული ბავშვობიდანვე მასში მუდამ „ადამიანი“ გადასწონიდა ყველაფერს და როგორც თავადვე ამბობდა მთელი თავისი სიცოცხლე კაცობრიობის ერთობაზე ოცნების მთავარ იდეას მიუძღვნა. ამიტომაც იგი მალევე ჩამოშორდა სიონისტურ მოძრაობას, მაგრამ თავისი ხალხის რთულ ბედს ყოველთვის თანაუგრძნობდა.
მან საკმაოდ ადრე დაასკვნა, რომ საერთო ენა, რომელზეც იგი განუწყვეტლივ ფიქრობდა, შესაძლოა ყოფილიყო მხოლოდ რაიმე ნეიტრალური, რომელიც არც ერთ არსებულ ერს არ ეკუთვნოდა, რადგანაც ის ხედავდა და მოწმე ხდებოდა სხვადასხვა ერთა შორის არსებული შუღლის და ესმოდა, რომ ეროვნულ ენათაგან მთავრობები საერთო ენად არც ერთს არ აირჩევდნენ. მაშინ, 1873 წელს, ვარშავის კლასიკურ გიმნაზიაში იგი ანტიკურ ენებს გაეცნო და თავის ოცნებაში დარწმუნებულმა, რომელიმე მათგანის „გაცოცხლებასა“ და პრაქტიკაში ხელახლა გამოყენებაზე ფიქრი დაიწყო. მაგრამ მალევე მტკიცედ დარწმუნდა, რომ ოდესმე არსებულ ენათაგან მისი მიზნისთვის ვერც ერთი ვერ გამოდგებოდა და საჭირო იყო ახალი, ხელოვნური ენის შექმნა. სწორედ ამ დროიდან, იგი არა მხოლოდ ოცნებობდა საერთო ნეიტრალურ ენაზე, არამედ უკვე მის შექმნასაც შეუდგა.
Lingwe uniwersala
როდესაც გიმნაზიის მე-5 კლასში ლუდვიკ ზამენჰოფი ინგლისური ენის გრამატიკას გაეცნო, ლათინურსა და ბერძნულთან შედარებით გაცილებით მარტივს, იგი გაოგნდა და დარწმუნდა, რომ გრამატიკულ დეტალთა სიუხვე ენისთვის აუცილებელი არ იყო. გონებაში მას უკვე ჰქონდა თავისი ენის პირველადი პროექტი. მან დაიწყო ზედმეტი ფორმების მოცილება და მალევე მიიღო შედარებით მცირე გრამატიკა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე გვერდსღა მოიცავდა. ამან ლუდვიკი გაამხიარულა და ახალი ენერგიით შეუდგა თავის კვლევას, მაგრამ უზარმაზარი ლექსიკის საკითხი მას კვლავაც აწუხებდა.
ერთ დღეს მისი ყურადღება მაღაზიის აბრებმა მიიპყრო: швейцарская („შვეიცარსკაია“) და кондитерская („კონდიტერსკაია“). აი რას შეეძლო პრობლემის გადაწყვეტა: სუფიქსებს! სიტყვათა უზარმაზარ მარაგს უცებ თითქოს სინათლის სხივი დაეცა და მანაც დნობა დაიწყო. წმინდად ძირეული სიტყვები (მაგ. „patrino“, „tranĉilo“ და ა.შ.) სუფიქსთა დახმარებით გარდაიქმნა და დამახსოვრება გაცილებით გამარტივდა. ლექსიკონზე მუშაობისას ავტორმა მალევე შენიშნა, რომ თანამედროვე ენები სხვდასხვა ხალხთათვის უკვე კარგად ცნობილ საერთაშორისო სიტყვათა მზ გიგანტურ მარაგს ფლობენ. ისინი კი სამომავლო ენისთვის ნამდვილ საგანძურს წარმოადგენს. ლექსიკის წყაროდ მან რომანულ-გერმანიკული ძირები გამოიყენა და ფორმებიდან ყველაზე მარტივები და საერთაშორისოდ გამოყენებადები აარჩია.
1878 წელს ენა თითქმის მზად იყო, 19 წლის ლუდვიკმა მას „Lingwe uniwersala“ დაარქვა. ენა მისმა რამდენიმე კლასელმა შეისწავლა. უნივერსალური ენის დაბადება ლუდვიკმა მეგობრებთან ერთად მშობლების სახლში იზეიმა, თუმცა მაშინდელ „Lingwe uniwersala“-სა და თანამედროვე ესპერანტოს შორის ჯერ კიდევ დიდი სხვაობა იყო. ეს ენის პირველი ეპოქაა.
მომდევნო, 1879 წელს, ლუდვიკი მოსკოვში გაემგზავრა უნივერსიტეტში სწავლის დასაწყებად. სპეციალობად მედიცინა აირჩია. ცხადია, მას ენები უფრო მეტად აინტერესებდა, მაგრამ მამამისი ფიქრობდა, რომ ენათმეცნიერი ან ფილოლოგი უიმედო პროფესიები იყო, ხოლო ექიმობა კი უფრო პერსპექტიული და შვილს არიგებდა, რომ ენები სამომავლოდ ოჯახს ვერ შეუნახავდა. ასე რომ, იგი იძულებული გახდა მამის ნებას დამორჩილებოდა და მედიცინს სწავლას შეუდგა. არსებობს გადმოცემა, რომ ლუდვიკის მოსკოვში ყოფნისას მამამ მისი რვეული დაწვა „Lingwe uniwersala“-თი. მას სურდა ვაჟი მხოლოდ სწავლით ყოფილიყო დაკავებული, რათა მომავალში კარგი ექიმი გამოსულიყო.
Lingvo internacia
1881 წელს ლუდვიკს მედიცინის სწავლის გასაგრძელებლად ვარშავაში დაბრუნება მოუწია. ეს მამამისის ფინანსურმა მდგომარეობამ განაპირობა, იგი ვაჟს ოთახის საქირავებელ და საცხოვრებელ ფულს ვეღარ უგზავნიდა. ლუდვიკს კი სხვა და-ძმებიც ჰყავდა, რომელთაც ასევე უნდა ესწავლათ და ცხადია ესეც თანხებთან იყო დაკავშირებული.
იმავე წელს, შინ დაბრუნებისას, შეიტყო რა „Lingwe uniwersala“-ს განადგურების შესახებ, მან ხელახლა დაიწყო საერთაშორისო ენაზე მუშაობა, რადგან ყველაფერი საჭირო ცხადია მის მეხსიერებაში ინახებოდა. რასაკვირველია თავიდან რვეულის დანაკლისი ძლიერ განიცადა, მაგრამ შმდგომ მიხვდა, რომ ნის პირვანდელი ვერსია მაინც ძალზედ არასრულყოფილი იყო. რაც თავიდან თეორიულად სავსებით მზად ეჩვენებოდა, პრაქტიკაში ასე სულაც არ აღმოჩნდა. იგი შეუდგა თარგმანებს, თავს არიდებდა სიტყვასიტყვით თარგმნას, და ცდილობდა პირდაპირ საერთაშორიოს ენაზე ფიქრსა და აზროვნებასაც კი. შემდეგ შენიშნა, რომ თითქოს ენას თანდათან საკუთარი სული შთაებერა, საკუთარი ხორცი შეესხა და საკუთარი განსაზღვრული და მკვეთრად გამოხატული ფიზიონომია მიიღო, გარეგან გავლენათა დამოუკიდებლად. მან ენის ახალ ვარიანტს „Lingvo internacia“ უწოდა. თავისი სწავლის ბოლო წელს, 1884-ში, საერთაშორისო ენამ უკვე თანამედროვე ესპერანტოს ფორმა მიიღო.
1885 წელს ლუდვიკი სამედიცინო პრაქტიკისთვის გაემგზავრა ლიტვაში, სადაც ის თავის დასთან და სიძესთან ცხოვრობდა. იქ იგი თავისი ენისთვის გამომცემლის ძიებას შეუდგა, მაგრამ პოვნა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. ასევე, იმავდროულად დაიწყო ოფთალმოლოგიაში სპეციალიზება, რადგანაც მიაჩნდა, რომ მედიცინის ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი იყო. იგი მალევე დაბრუნდა ვარშავაში.
1886-1887 წ.წ. ზამთარში, ვარშავაში ლუდვიკმა კლარა ზილბერნიკი გაიცნო, რომელც დასთან ცხოვრობდა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. კლარას მამას საპნის ქარხანა ჰქონდა და ლუდვიკს წიგნების დასაბეჭდად ფინანსურად დაეხმარა. ზამენჰოფმა გადაწყვიტა ფსევდონიმად „დოქტორი ესპერანტო“ გამოეყენებინა. ფიქრობდა, რომ ექიმს, რომელშიც საზოგადოება „არასერიოზული საქმეებით“ დაკავებულ ვიღაც ფანტაზიორს დაინახავდა, კარგი ბედი არ ელოდა. შემდეგ ზამენჰოფი წერდა, რომ გრძნობდა თუ როგორ გარისკა თავისი და თავისი ოჯახის სიმშვიდე და არსებობაც კი.
ამგვარად, 1887 წელი ლუდვიკისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა: 26 ივლისს ესპერანტო დაიბადა და 9 აგვისტოს იგი კლარაზე დაქორწინდა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მეუღლის ერთული დარჩა.
ესპერანტოს დაბადება
26 ივლისს (ახ. სტ.) „პირველი წიგნი“ (la Unua Libro) - საერთაშორისო ენის პირველი სახელმძღვანელო, გამოვიდა. ამიტომაც 26 ივლისი ესპერანტოს დაბადების დღედ აღინიშნება. ნაშრომის თავდაპირველი რუსული სახელწოდებაა Международный языкъ. Предисловіе и полный учебникъ. („საერთაშორისო ენა. წინასიტყვაობა და სრული სახელმძღვანელო“). პირველი გამოცემა მხოლოდ რუსულენოვანი იყო, მაგრამ 1887 წლის ბოლომდე გამოვიდა აგრეთვე პოლონურად, გერმანულად და ფრანგულად, ასევე რუსულად მეორე გამოცემა. პირველი ინგლისურენოვანი ვერსია გამოჩნდა 1888 წელს, უხარისხო თარგმანი; გადმოცემით, ზამენჰოფმა თავად შეაჩერა მისი გაყიდვა მანამ, სანამ რიჩარდ ჰ. გეიგენმა, ბრიტანეთში მცხოვრებმა ირლანდიელმა, ხელახლა არ გადათარგმნა წიგნი.
ახალი ენის პროექტი დიდი ენთუზიაზმით მიიღეს. წინა ხელოვნური ენის, ვოლაპუკის, მცირე წარმატების მიუხედავად, რომელიც 1879 წელს გამოჩნდა, ესპერანტომ მთელს მსოფლიოში საკმაოდ სწრაფად გაიჩინა მიმდევრები. მაშინვე აშკარა გახდა, რომ იგი საერთაშორისო კომუნიკაციისთის სრულიად გამოსადეგი ენა იყო თავისი სიმარტივის, ლოგიკურობისა და სილამაზის გამო. ზამენჰოფს დიდად ახარებდა თანამოაზრეთა ესოდენ დიდი ენთუზიაზმით გამსჭვალული გარემოცვა. იგი ხედავდა თუ როგორ ცოცხლდებოდა ენა მის თვალწინ. ლუდვიკმა დაიწყო წერილების მიღება შეკითხვებით, რჩევებით, მოსაზრებებით... და მრავალი მათგანი უკვე ესპერანტოზე იყო დაწერილი.
თითქმის ადრეული წარმატებისთანავე, 1888 წელს გამოვიდა „მეორე წიგნი“ („Dua Libro de l’ Lingvo Internacia“), რომელიც საერთაშორიო ენის აღწერისთვის გამოიცა და წარმოადგენდა მთლიანად ესპერანტოზე დაწერილ პირველ წიგნს. 1889 წლის 1-ელ სექტემბერს ქ. ნიურნბერგში (გერმანია) გამოდის „La Esperantisto“, საერთაშორისო ენაზე პირველი პერიოდული გამოცემა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეთა მრავალ ქალაქში (თავდაპირველად, რათქმაუნდა ევროპაში) გამრავლდა ესპერანტოს პირველი ჯგუფები. შეიქმნა საერთაშორისო მოძრაობა.
1889 წელს, ზამენჰოფი ფინანსების ნაკლებობის გამო იძულებული შეიქმნა ოჯახი დაეტოვებინა და ხერსონში (ქალაქი სამხრეთ უკრაინაში) გადასულიყო, სადაც სათანადო სამსახური შოვნა ვერ შეძლო. 1890 წლის მაისში ის ხელახლა დაბრუნდა ვარშავაში, სადაც აგრეთვე კლარაც თავიანთი ბავშვებით - ადამითა და ზოფიათი, მასთან კაუნასიდან (ქალაქი ლიტვაში) ჩამოვიდა. ნახევარი წლის შემდეგ საბოლოოდ ოჯახი ხელახლა გაერთიანდა. მაგრამ ფინანსური პრობლემა ლუდვიკს ჯერ კიდევ დიდხანს გაჰყვა.
ესპერანტო სულ უფრო და უფრო პოპულარული გახდა და ზამენჰოფი სხვადასხვა ქვეყნებიდან ახლადგამოჩენილ ესპერანტისტებთან მიმოწერას შეუდგა. ეს მიმოწერა დიდ დროსა და ფინანსებთან იყო დაკავშირებული. მისი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარსედა და ლუდვიკს ხელახლა მოუწია ადგილის გამოცვლა, ამჯერად გროდნოში წავიდა, სადაც გარკვეული დროის შემდეგ ოჯახიც ჩამოიყვანა. ისინი იქ 1898 წლამდე ცხოვრობდნენ, სანამ მთელი ოჯახი ისევ ვარშავაში არ დაბრუნდა.
ზამენჰოფი არა მხოლოდ ენით იყო დაკავებული. მას აქტიური მიმოწერა ჰქონდა, წერდა და კითხულობდა ესპერანტოზე, მუშაობდა წიგნებსა და სტატიებზე, მაგრამ ცდილობდა თავისუფალი დროის გამონახვას სამედიცინო ცოდნის გასაღრმავებლადაც. მაგალითად, 1897 წელს იგი ხელმეორედ შევიდა უნივერსიტეტში ვენაში ოფთალმოლოგიის დასახვეწად.
ვარშავაში ის ებრაული კვარტლის ერთ ღარიბ ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც პირველ მსოფლიო ომამდე დარჩა. იგი თვალის ექიმად მუშაობდა და მისი ფასებიც ქალაქის სხვა ექიმებთან შედარებით გაცილებით დაბალი იყო. ხშირად ზამენჰოფი პაციენტებს უფასოდაც იღებდა, თუკი ხედავდა, რომ მათ საკმარისი ფული არ ჰქონდათ და გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. იგი ნამდვილად სახალხო ექიმი გახდა, რადგან მასთან დაბალი ფასების გამო უამრავი ხალხი დადიოდა. იგი იძულებული იყო მთელი დღით ემუშავა და ესპერანტოსთვის მხოლოდ ღამეები დაეთმო.
პირველი კონგრესი
1898 წლიდან დიდძალი სამუშაო გამოჩნდა ესპერანტოსთვის, რომელიც უკვე არაერთ ქვეყანაში გავრცელდა. ასეთი წარმატების შედეგი იყო მსოფლიო კონგრესები. 1905 წელს საფრანგეთის ქალაქ ბულონ-სიურ-მერში მოეწყო ესპერანტოს 1-ელი მსოფლიო კონგრესი, რომელშიც მონაწილეობა 20 სხვადასხვა ქვეყნის 688 წარმომადგენელმა მიიღო, მათ შორის თავად ენის ავტორმაც. კონგრესი 5-12 აგვისტოს ჩატარდა. დოქტორი ზამენჰოფი გრძელი მოხსენებით გამოვიდა, მისთვის ეს მომენტი ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო. იგი უკვე დარწმუნდა, რომ ესპერანტოზე თავისუფლად შეიძლება ისაუბრონ და უპრობლეომდ გამოიყენონ კომუნიკაციისთვის სრულიად სხვადასხვა ერთა წარმომადგენლებმა. საერთო ჯამში ლუდვიკ ზამენჰოფმა ცხრა კონგრესში მიიღო მონაწილეობა. 1914 წელს დაგეგმილი მეათე მსოფლიო კონგრესი მსოფლიო ომის დაწყებამ ჩაშალა. ქმარს მუდამ დაჰყვებოდა კლარა ზილბერნიკიც, ასე რომ, ისიც ყველა კონგრესს დაესწრო.
ენის პოპულარობის გაზრდისთანავე , თითქმის მისი არსებობის დასაწყისშივე გამოჩნდა ესპერანტოს რეფორმირების სხვადასხვა შემოთავაზებები. თავიდან ზამენჰოფი სრულიად დემოკრატიულად ისმენდა და გაზეთ „La Esperantisto“-ში განიხილავდა ყველა ამგვარ წინადადებას. მაგრამ მალევე, როცა სულ უფრო მეტი და მეტი შემოთავაზება მოვიდა, იგი მიხვდა, რომ ბევრი მათგანი უბრალოდ ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. მას უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა და ცხადად ესმოდა, რომ ის, რაც თეორიულად ლამაზი ჩანდა, პრაქტიკაში სრულიად გამოუსადეგარი ყოფილიყო და აგრეთვე ესპერანტისტთა ერთი ნაწილისთვის დამაკმაყოფილებელი ზოგიერთი წინადადება შესაძლოა სხვებისთვის საერთოდ მიუღებელი ყოფილიყო.
ესპერანტოს საფუძვლები
ზამენჰოფმა ესპერანტოს რეფორმირებაზე უარი თქვა და ამაში ესპერანტისტთა სრული უმრავლესობაც დაეთანხმა. მას ენაზე თავისი უფლებები არასდროს წამოუყენებია. წერდა, რომ სურდა მოეხსენიებინათ არა ენის შემქმნელად, არამედ ინიციატორად. ზამენჰოფს მიაჩნდა, რომ მან შექმნა ფუნდამენტი, ხოლო ყველა დანარჩენი კი თავად საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გარემოცვას უნდა განევითარებინა, როგორც სხვა ენებში ხდება. იგი ფიქრობდა, რომ ესპერანტოს უნდა ეცოცხლა, გაზრდილიყო და განვითარებულიყო ზუსტად იმავე წესებით, რომლითაც სხვა ჩვეულებრივი ენები საზრდოობენ. ამიტომაც 1905 წელს მიიღეს „Fundamento de Esperanto“, ხელშეუხებელი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომლის შეცვლის უფლებაც არავის აქვს. თუმცა ენის გარდაქმნის იდეები და წინადადებები კვლავაც დარჩა, რამაც საბოლოოდ 1907 წელს ესპერანტოს მოძრაობაში განხეთქილება და იდოს წარმოშობა განაპირობა. ზამენჰოფისთვის ეს რასაკვირველია მტკივნეული დარტყმა იყო, მაგრამ ბუნებრივად მშვიდი და გაწონასწორებული, ის ყოველთვის ცდილობდა მის ირგვლივ ყოველგვარი უთანხმოებისა და კონფლიქტის მშვიდად მოგვარებას და არაკეთილმოსურნეთა მიმართაც კი სიძულვილს არ გამოხატავდა. მასაც კი, ვინც მას ყველაზე მეტად უღალატა, ლუი დე ბუფრონს, (რეფორმირებული ესპერანტოს - სახელად „იდო“, ავტორი), ბოლომდე დახმარებას სთავაზობდა და გასაოცარი მიტევებით აღსავსე წერილიც კი დაუწერა.
ზამენჰოფის ცხოვრების დასასრული
პირველი მსოფლიო ომი ზამენჰოფისთვის, როგორც მშვიდობისმოყვარე ადამიანისთვის, რომელიც კაცობრიობას „ერთ დიდ ოჯახად“ აღიქვამდა, უდიდესი დარტყმა იყო. მან ვერ შეძლო აშშ-ში მე-10 მსოფლიო კონგრესში მონაწილეობა, ისევე როგორც სხვა ევროპელმა ესპერანტისტებმა - ომის გამო ისინი ამერიკაში ვერ გაემგზავრნენ. ზამენჰოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა და მთელი დღით მუშაობა უკვე აღარ შეეძლო. სამუშაოს დიდი წილი თავის თავზე მისმა ვაჟმა - ადამმა აიღო. აგვისტოში ვარშავა გერმანიის ჯარმა დაიპყრო და ზამენჰოფების ოჯახი მიმოიფანტა, ლუდვიკს თავის ნათესავებთან მიმოწერაც კი აღარ შეეძლო (მაგალითად ქალიშვილთან), რომლებიც ვარშავაში არ იმყოფებოდნენ.
1917 წლის 14 აპრილს ზამენჰოფი გარდაიცვალა. სიკვდილამდე ბევრს მუშაობდა მოძრაობაზე, ენაზე. ცნობილი ესპერანტისტი გასტონ ვარენგიენი ზამენჰოფს შემდეგნაირად აღწერს წიგნში „1887 kaj la sekvo…“:
მას საზოგადოებაში გამოსვლა ცოტა ერიდებოდა და ოფიციალური ცერემონიებიც დიდად არ უყვარდა, მხოლოდ მონაწილეობდა, როგორც ესპერანტოს ავტორი. ის ერთ-ერთი იმ იშვიათაგანი იყო, რომელთაც დიდი საერთაშორისო როლი ითამაშეს და მიუხედავად ამისა, თავიანთი პირადი მიმოწერების გამოქვეყნება სულაც არ ეთაკილებოდათ: ამან უკეთ გამოამჟღავნა მისი თანდაყოლილი თავმდაბლობა, ღრმა გულწრფელობა და სამართლიანობის განცდა.
იგი ორატორობით ვერ გამოირჩეოდა, ჩუდამ და ზომიერად საუბრობდა. ბევრს ეწეოდა, განსაკუთრებით სიგარეტს. უკვე დაახლოებით 1900 წლიდან გულის უკმარისობა და ტერფებში პულსის სისუსტე აწუხებდა. ამიტომაც, შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობების ქონის შემთხვევაში ზაფხულობით გერმანიის საკურორტო ქაალქებში დადიოდა.
მაგრამ მისი ხასიათის უმთავრესი თვისებები იყო ძლიერი ნებისყოფა, რითიც იგი თავისი იდეალებისთვის ყველაფერს გაიღებდა, და თმენის განსაკუთრებული უნარი, რითიც მან ყველა დაბრკოლების გადალახვა და გამოსწორება შეძლო. ეს ნებისყოფა და მოთმინება მან განუზომელი სიყვარულისგან გამოწურა, რომელიც მას ძალას ჰმატებდა თავისი ყოველგვარი სულიერი და ფიზიკური ძალებით მორალურად ამდენად დაბრმავებული კაცობრიობისთვის რჩევა მიეცა უძველესი ორაკულის აღსასრულებლად: „ურჩიე, ურჩიე ჩემს ხალხს!“.
წყაროები
- Kolker B. Vojaĝo en Esperanto-lando, Rotterdam, 2005
- Korĵenkov A. Homarano: La vivo, verkoj kaj ideoj de d-ro Zamenhof, Kaliningrado, Kaunas, 2009
- Privat E. Vivo de Zamenhof , Rikmansworth, 1957
- Thien H. La vivo de D.ro L.L. Zamenhof en bildoj
- Семенова, З. В., Исаев М. И. Учебник языка эсперанто, Москва, 1984
- https://eo.wikipedia.org/wiki/Dua_Libro
- https://eo.wikipedia.org/wiki/L._L._Zamenhof
- https://eo.wikipedia.org/wiki/Fundamento_de_Esperanto