Zamenhof.info

იდეები

ყველას გვესმის, რომ ერთ დიდ ოჯახს ვეკუთვნით...

ლ. ლ. ზამენჰოფი

საერთაშორისო ენის შემქმნელი, ლუდვიკ ზამენჰოფი, ესპერანტოს მსოფლიოს ხალხთა შორის მშვიდობის მიღწევისთვის გადადგმულ პირველ ნაბიჯად მიიჩნევდა. თავადვე ამბობდა, რომ ესპერანტოს მთელი წამოწყება მხოლოდ ნაწილია იმ საერთო იდეისა, რომელსაც ის თავიდან ჰილელიზმს, ხოლო შემდეგ ჰომარანიზმს უწოდებდა. პროექტი საბოლოო მიზნად კაცობრიობის უტოპიურ ერთობას ისახავდა, რისთვისაც ჯერ საჭირო იყო მსოფლიო ხალხთა „ერთ ოჯახად“ გაერთიანება, რომელთა წევრებსაც ერთმანეთისგან ენებისა და რელიგიების ნაცვლად მხოლოდ გეოგრაფიული და პოლიტიკური საზღვრები თუ გამოჰყოფდა.

Hilelismo“-ს რუსულენოვანი გამოცემა

1901 წლის აპრილში ზამენჰოფმა ებრაელთა პრობლემის გადაწყვეტის პროექტი წამოაყენა. პროექტმა სახელად „ჰილელიზმი“ მიიღო. ჩამოშორდა რა სიონისტურ მოძრაობას ჯერ კიდევ 1886 წელს, ზამენჰოფი მაინც ერთგული რჩებოდა თავისი ხალხის მიმართ, რომლის ბედიც აღმოსავლეთ ევროპაში სულ უფრო უიმედო ხდებოდა. ჰილელიზმის შემაჯამებელი არსი წარმოდგენილია შეგონებით „რაც შენთვის მიუღებელია, სხვას ნუ გაუკეთებ!“. ყველამ თავი მხოლოდ მთლიანობის ნაწილად უნდა აღიქვას. მაგრამ იდეამ ბევრი მხარდამჭერი ვერ მიიზიდა. ბევრს არ მოეწონა და ნაივური იდეალიზმის გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ.

წააწყდა რა ჰილელიზმთან წინააღმდეგობას, ზამენჰოფი რამდენიმე წლით დროებით ჩამოშორდა პროექტს. 1904 წელს დაწყებული რუსეთ-იაპონიის ომმა და შემდგომ რუსეთის პირველმა რევოლუციამ ზამენჰოფს აჩვენა, რომ საერთო ენა მხოლოდ დასაწყისია, რომელიც თავისუფალი ურთიერთკომუნიკაციისა და პირად აზრთა გამოთქმის საშუალებას იძლევა. საერთაშორისო ენა ნამდვილად მრავალ პრობლემათა გადაჭრის გზაა. მაგრამ ომმა და რევოლუციამ ზამენჰოფს ხალხთა შორის მშვიდობის მიღწევისათვის საჭირო შემდგომი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა. ამან ზამენჰოფი დაარწმუნა ჰილელიზმის იდეებს დაბრუნებოდა, და რომ იგი ძირეულ გარდაქმნას საჭიროებდა. ასე გადაწყვიტა მან ჰილელიზმის განვრცობა არაებრაელთათვისაც.

Homaranismo“-ს 1913 წლის გამოცემა

იანვრის „Ruslanda Esperantisto“-ში (1906) მან ანონიმურად გამოაქვეყნა თავისი მოძღვრება სათაურით „ჰილელიზმის დოგმები“, თანდართული ტექსტებით რუსულად და ესპერანტოზე. ზამენჰოფი მალევე მიხვდა, რომ მოძღვრების სახელწოდება ზედმეტად ებრაული, ხოლო წინასიტყვაობა კი რუსული იყო და მარტში პეტერბურგში გამოიცა ბროშურა სათაურით „Homaranismo“. ახალ წინასიტყვაობაში იგი განმარტავდა, რომ ჰილელიზმი ხალხთა მხოლოდ ერთ ჯგუფს ეხებოდა, ხოლო ჰომარანიზმი კი ყველა ერსა და რელიგიას მოიცავდა. იგი შეიცავდა სამშობლოს, ერისა და კაცობრიობის ურთიერთმიმართებათა სწავლებას. მოძღვრების მთავარ მრწამსს თორმეტი პარაგრაფისგან შემდგარი დეკლარაცია წარმოადგენდა. თუკი სიონიზმი იყენებდა რომანტიკულ ნაციონალურ პარადიგმას, რომლის მიხედვითაც ებრაელზე იმავე კონტექსტში უნდა ესაუბრათ, როგორც ფრანგზე, გერმანელზე, რუსზე და ა.შ. ზამენჰოფს მიაჩნდა, რომ ხალხთა ეროვნულ, რელიგიურ ან ენობრივ კონტექსტში განხილვა მათ საერთოჰუმანურ, ადამიანურ კონტექსტში განხილვას ჩაენაცვლებინა.

აი პირველი ოთხი დოგმა, ყველაზე პრინციპული და ზოგადი:

  1. მე ვარ ადამიანი და ჩემთვის მხოლოდ წმინდა ადამიანური იდეალები არსებობს. ყოველგვარ იდეალებსა და მისწრაფებებს, რომლებიც გამორჩეულად მხოლოდ რომელიმე ერსა და ხალხს ემსახურება, მე ჯგუფურ ეგოიზმად აღვიქვამ, რაც ადრე თუ გვიან უნდა გაქრეს და რომლის გაქრობასაც შეძლებისდაგვარად ხელიც უნდა შევუწყო.
  2. მჯერა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველას თავიანთივე პირადი ღირსებითა და ქმედებებით ვაფასებ და არა მათი წარმომავლობით. ადამიანის ყოველგვარი დამცირება და დევნა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი სხვა მოდგმის შვილია, სხვა ენაზე საუბრობს და სხვა რელიგია აქვს, მე ბარბაროსობად მიმაჩნია.
  3. მიმაჩნია, რომ ყოველი ქვეყანა ეკუთვნის არა ამა თუ იმ ხალხს, არამედ მის ყოველ მაცხოვრებელს თანაბრად, მიუხედავად ენისა და რელიგიისა; რომელიმე ქვეყნისა და ამა თუ იმ ერის, ენისა თუ რელიგიის წარმომადგენელთა ინტერესთა კონფლიქტს მე გარდასულ დროთა ბარბაროსულ გადმონაშთად მივიჩნევ, როდესაც მხოლოდ ხმლისა და მუშტის უფლება არსებობდა.
  4. მჯერა, რომ საკუთარ ოჯახურ ცხოვრებაში ყველას აქვს სრული, ბუნებრივი და უდავო უფლება ისაუბროს თავის ენასა თუ დიალექტზე სურვილისამებრ და მიჰყვეს სასურველ რელიგიას, მაგრამ განსხვავებული წარმომავლობის ხალხთან საკომუნიკაციოდ მან ნეიტრალურ-საკაცობრიო ენა უნდა გამოიყენოს და ნეიტრალურ-საკაცობრიო რელიგიის პრინციპებს მიჰყვეს. ერთი კაცის ყოველგვარ მისწრაფებებს, სხვებს თავისი ენა ან რელიგია მოახვიოს თავს, მე ბარბაროსობად მივიჩნევ.

ზამენჰოფს ჰომარანიზმის პროექტის წარდგენა და პირველი ჰომარანისტული საზოგადოების დაფუძნება ჟენევის კონგრესზე (1906) ჰქონდა განზრახული. მაგრამ მას მოხსენების მეორე ნაწილის წაკითხვა გადააფიქრებინეს, სადაც იგი ესპერანტოს შინაგან იდეას („interna ideo“) ჰომარანიზმს უკავშირებს. ზამენჰოფმა დათმო, მიხვდა, რომ ბულონიის ეიფორიის მიუხედავად ესპერანტისტები მზად არ იყვნენ ჰომარანიზმის უტოპიური იდეების მისაღებად და „კაცობრიობის გასაერთიანებლად“, მასთან დაახლოებულმა ცნობილმა ესპერანტისტებმაც კი დაარწმუნეს იგი არ დაეკავშირებინა ესპერანტო რომელიმე რელიგიურ მოძღვრებასთან. ამგვარად, გარკვეული დროით იდი ცდილობდა საჯაროდ ჰომარანიზმის ხსენებას და მხოლოდ ბურუსით მოცულ „შინაგან იდეაზე“ - ჰომარანიზმის გარკვეულ სუროგატზე, საუბრობდა. ასე განმარტავდა ზამენჰოფი ჰომარანიზმს 1912 წელს:

ესპერანტოს „შინაგანი იდეა“ (la Interna Ideo), რომელიც ცალკეულ ესპერანტისტთათვის არანაირად არაა სავალდებულო, და რომლის აურაც ესპერანტოს ყოველ კონგრესზე სუფევს, არის: ნეიტრალური ენის საფუძველზე ხალხთა შორის ბარიერების დაძლევა და მათი იმაში დარწმუნება, რომ ადამიანებში მხოლოდ მოყვარე და ძმა დაინახონ. ყველაფერი სხვა, რაც ამ იდეას აღემატება, მხოლოდ და მხოლოდ პირადულია და მასთან საერთო არაფერი აქვს, შესაძლოა მას ეფუძნებოდეს, თუმცა შინაგან იდეასთან არასდროს არ იდენტიფიცირდება.

მრავალეროვან რუსეთში დაბადებულმა და აღზრდილმა ზამენჰოფმა კარგად არ მიაქცია ყურადღება, რომ გერმანიაში, საფრანგეთში და სხვა არაერთ დასავლეთევროპულ ქვეყანაში მრავალენოვნება არცთუ ისე თვალშისაცემია, როგორც ეს რუსეთში იყო და რომ ამ ქვეყნებში რელიგიას უწინდელივით დიდი დატვირთვა უკვე აღარ ჰქონდა. მან ვერ გათვალა პოლიტიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები. მისი აზრით, ინტეგრაციის ნაკლებობის გამომწვევი ფაქტორები არ იყო პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოგრაფიული, ანატომიური, მენტალური ან წარმომავლობითი. მას შეცდომით სწამდა, რომ მთავარ ფაქტორს მხოლოდ ენათა და რელიგიათა განსხვავება წარმოადგენდა და რომ „მსოფლიოში ხალხთაშორის შუღლსა და სიძულვილს სრულად აღმოფხვრიდა საერთოსაკაცობრიო ენისა და რელიგიის გამოჩენა“.

ესპერანტოს საშუალებით ენობრივ განცალკევებათა დაძლევის ჩვენებით, ზამენჰოფი რელიგიური განცალკევების გადაჭრის გზის ჩვენებასაც შეეცადა. 1913 წელს მან წამოაყენა წინადადება პარიზში 1914 წელს გასამართ ესპერანტოს მე-10 მსოფლიო კონგრესთან ერთად ნეიტრალურ-საკაცობრიო რელიგიის კონგრესიც ჩაეტარებინათ. ცოტა არ იყოს უცნაური იდეა იყო: მას სურდა თავიანთი რელიგიის უპირველეს ჭეშმარიტებაზე და ღვთისგან რჩეულობაზე ესაუბრა არა მათთან, ვისაც ამის მართლა სჯეროდა, არამედ თავისუფლად მოაზროვნეებთან, არარელიგიურებთან, ათეისტებთან და ა.შ. თავისი დეკლარაციის ოთხი თეზიდან სამი მეტნაკლებდა ჰომარანიზმის მოძღვრებას, ხოლო ბოლო კი საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა.

მოწოდება დიპლომატებს „დიდი ომის შემდეგ“

1914 წლის მიწურულს ზამენჰოფმა დიპლომატებს მიმართა წერილით „დიდი ომის შემდეგ“ და რამდენიმე ესპერანტულ რედაქციას გაუგზავნა ესპერანტოსა და ეროვნულ ენებზე გამოსაქვეყნებლად. იგი თავიდანვე ხვდებოდა, რომ ომის შემდეგ დიპლომატები ევროპის რუკას გადააკეთებდნენ და „ევროპის შეერთებული შტატების“ შექმნის იდეა წამოაყენა. იდეის განუხორციელებლობაში დარწმუნებულმა ევროპის ყველა სახელმწიფოსგან სულ მცირე შემდეგი პრინციპის გარანტირება მოითხოვა: „ყველა ქვეყანა მორალურად და ფიზიკურად სრულიად თანასწორუფლებიანად ეკუთვნოდეს მის ყველა შვილს“.

ზამენჰოფს თავის ჰომარანისტულ მოძღვრებაზე მუშაობა არ შეუწყვეტია და გარდაცვალებიდან ორი თვით ადრე მისი საბოლოო ვერსია დაასრულა. ისიც წინასიტყვაობისა და დეკლარაციისგან შედგებოდა. წინასიტყვაობა მოიცავდა ცხად განსხვავებას ესპერანტიზმსა და ჰომარანიზმს შორის და ამ უკანასკნელი მოძღვრების სრულიად ახალ განმარტებას:

„ჰომარანიზმის“ სახელით (…) მსურს ვისაუბრო „ადამიანურობისკენ“ დაუცხრომელ მისწრაფებაზე, ხალხთაშორისი სიძულვილისა და უსმართლობის მოსპობასა და ცხოვრების ისეთ სტილზე, რომელიც თანდათანობით მიგვიყვანს არა თეორიულად, არამედ პრაქტიკულად კაცობრიობის სულიერ ერთობამდე.

უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია არა იმაზე, რომ „ადამიანები ოდესმე ერთ საერთოსაკაცობრიო ხალხად ჩამოყალიბდებიან“, როგორც „ჰომარანიზმის“ პირველ გამოცემაში იყო ნავარაუდევი, არამედ საუბარია განუწყვეტელ მისწრაფებაზე „კაცობრიობის სულიერი ერთობისაკენ“.

ოთხი ვარიანტის („Hilelismo“ 1906, „Homaranismo“ 1906, „Homaranismo“ 1913, „Homaranismo“ 1917) გაანალიზების შემდეგ შენიშნეს, რომ ზამენჰოფი ენობრივ პრობლემას სულ უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. 1913-სა და 1917-ში ესპერანტო საერთოდ არ იყო ნახსენები, ხოლო 1917-ში საერთოდ არაფერია ნახსენები ნეიტრალურ-საკაცობრიო ენაზე. მისი სამიზნე ჯგუფი შეიცვალა. პირველმი საყოველთაო შემოთავაზება („Hilelismo“ 1906) ჯერ კიდევ ითვალისწინებდა რუსეთის ებრაელთა ინტერესებს, მაგრამ შემდეგ ეს შემოთავაზება სრულიად გაქრა. ჰომარანიზმის საბოლოო ვარიანტის გავრცელებას ზამენჰოფი არა ესპერანტისტებს შორის, არამედ მთელს მსოფლიოში გეგმავდა, და არა ესპერანტოსთვის, არამედ ყველაზე დიდი ეროვნული ენებისთვის.

ჰუმანურობის, ხალხთაშორისი სიძულვილის აღმოფხვრისა და კაცობრიობის სულიერი ერთობისაკენ მისწრაფება უფრო ზოგადი რამაა, ვიდრე მხოლოდ ენობრივი და რელიგიური ერთიანობა. და ჰომარანიზმის მთავარი პრინციპი (საბოლოო ვერსიით: „მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა რომ სხვები გექცეოდნენ“) არის არა რელიგიური, არამედ მორალური. საყოველთაო ჰუმანურობისკენ მისწრაფება და ზემოხსენებული პრინციპის ცხოვრებაში დანერგვა (ასევე „ტოლერანტობისა“ - ჰომარანიზმით განსაზღვრული, მაგრამ არა პირდაპირ გაცხადებული) ჰომარანიზმთან მოიყვანდა არა იმდენად ესპერანტისტებსა და მორწმუნეებს, რამდენადაც ჩვეულებრივ „პროგრესულებს“, რომელთათვისაც ენობრივ-რელიგიური პრობლემატიკა სულაც არ იყო მნიშვნელოვანი.

გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მან თავისი უკანასკნელი ესე - „ღმერთსა და უკვდავებაზე“ დაწერა, რომელსაც უმნიშვნელოვანესად მიიჩნევდა, თუმცა წინასწარვე იცოდა, რომ მის მორწმუნეობას შესაძლოა დიდი კრიტიკა გამოეწვია. ეს იყო მისი ბოლო (და დაუსრულებელი) წერილი იდეოლოგიური ნააზრევიდან. ზამენჰოფი მასში წერდა, რომ იგი „ბევრს მედიტირებდა და კითხულობდა სხვადასხვა სამეცნიერო თუ ფილოსოფიურ ნაშრომებს“, მაგრამ უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ ნაშრომებზე საუბრობდა.

ზამენჰოფი გარდაიცვალა, მაგრამ დარჩნენ მისი შვილები (ყველა მათგანი ჰოლოკოსტს ემსხვერპლა მე-2 მსოფლიო ომის დროს), მისი ენა, რომელიც მან მსოფლიოს უსახსოვრა, მისი თარგმანები და მისი იდეები, რომლებიც დღემდე შთააგონებს მათ, ვინც თავს არა მხოლოდ ამა თუ იმ ერისა და აღმსარებლობის წარმომადგენლად მიიჩნევს, არამედ ასევე მსოფლიო კაცობრიობის წევრებად, რომელთაც მტკიცედ სწამთ მისი ერთობისა სწორედ თავისივე მრავალფეროვნებაში.

წყაროები